სტუდენტური ვორქშოპი
2025 წლის 3-7 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური არქიტექტურული ვორქშოპი „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“.
კლიმატის კრიზით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქალაქო ღია და მწვანე სივრცეების შენარჩუნებას და გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მწვანე სივრცეების მოწყობის და მოვლა-პატრონობის დროს მდგრადი პრინციპების გამოყენებაც აუცილებელია. მცენარეების სწორად შერჩევა, სარწყავად წვიმის წყლისა და წყალგამტარი ზედაპირების გამოყენება, ურბანული მებაღეობა, არა მხოლოდ არბილებს გარემოს რისკებს, არამედ ხელს უწყობს სამეზობლო კავშირების გაძლიერებასაც.
ამდენად, ვორქშოპის მიზანია ხელი შეუწყოს ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ექსპერიმენტული დიზაინის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გზით წაახალისოს მცირე ინიციატივები, რომლებიც უფრო დიდი ცვლილებების საწინდარი შეიძლება გახდეს.
ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები იმუშავებენ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, #2 კორპუსის მიმდებარედ ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე. ისინი მოამზადებენ სივრცის რეორგანიზაციის ხედვებს და შექმნიან მდგრადი სარწყავი სისტემის დიზაინს.
ხედვის ჩამოყალიბების ეტაპზე დაგეგმილია მოსახლეობასთან კონსულტაცია, რომელიც 6 დეკემბერს 18:00 საათზე, ცოცხალი ლაბორატორიის ოფისში გაიმართება. ვაჟა-ფშაველას #2 კორპუსის მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას სტუდენტები წარუდგენენ შემუშავებულ იდეებს და მოისმენენ მათ მოსაზრებებსა და კომენტარებს. ასევე, გააცნობენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებს. მოხარული ვიქნებით თუ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იდეების განხილვისა და პროექტის განხორციელების პროცესში.
ღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
გვიპოვეთ რუკაზე