ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.
ტექნოლოგიის სკოლის ფარგლებში არსებული არქიტექტურის პროგრამა ემსახურება ინოვაციური მიდგომების განვითარებას, ინდივიდუალური ნიჭის თუ შემოქმედებითი უნარის გაფართოებას/გაღრმავებას და თანამედროვე არქიტექტორულ და ურბანულ პრაქტიკაში მდგრადი განვითარების პრინციპების ფართო გამოყენების ხელშეწყობას.
ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემია
ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემია უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტია და ოდესის მშენებელთა სკოლისა (1891 წლიდან) და ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის (1930 წლიდან) ტრადიციის გამგრძელებელია. აკადემია ამზადებს მაღალკვალიფიციურ საინჟინრო და სამეცნიერო კადრებს, 4 ინსტიტუტსა და 4 ფაკულტეტზე. არქიტექტორთა მომზადება საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე დაიწყო, 1996 წელს იგი არქიტექტურის ინსტიტუტად გადაკეთდა, ხოლო 2004 წელს - არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტად. სპეციალისტთა მომზადების საკვალიფიკაციო დონეებია: ბაკალავრი, მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორი და მეცნიერებათა დოქტორი.
ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემია უკრაინის ეროვნული საგანმანათლებლო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია; ამას მოწმობს ისიც, რომ მსოფლიოს თითქმის 50 ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი თანამშრომლობს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. სპეციალისტთა მომზადების მაღალი დონის წყალობით, 1992 წელს აკადემია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი გახდა, ხოლო 1996 წლიდან უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.
Volkswagen-ის ფონდი
ფონდი Volkswagen-ი გერმანიის უმსხვილესი არაკომერციული კერძო ორგანიზაციაა, რომელიც დიდად უწყობს ხელს სამეცნიერო კვლევების წარმოებას. მისი სახელწოდების მიუხედავად, ეს არ გახლავთ კორპორაციული ფონდი და იგი არ უკავშირდება Volkswagen-ის ავტომობილების წარმოებას. ფონდის მიზანია მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა კვლევებსა და უმაღლეს განათლებაში. ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამები მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ პროექტებს, ასევე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევით სფეროებში, როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის ადმინისტრაციული ოფისი ჰანოვერში მდებარეობს.