პროექტის აღწერა

ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი

ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი გამოირჩევა მრავალფეროვანი მწვანე სივრცეებით: აქ დიდი ხეები და პატარა ბუჩქებია, ღია სპორტული და სათამაშო მოედნები, გამწვანებული აივნები და სათემო ბაღები. ეს სივრცეები მაცხოვრებლებისთვის ერთმანეთთან შეხვედრის, დასვენების და გართობის ადგილებია. ამავდროულად, საკუთრების არამკაფიო ორგანიზების, მეზობლების განსხვავებული ინტერესებისა და დაგეგმარების ნაკლებობის გამო, არსებობს დეზორგანიზაციის და სივრცეთა მოვლის პრობლემები. ტერიტორიას სულ უფრო და უფრო მეტად იკავებენ ავტოფარეხები და უსისტემოდ გაჩერებული მანქანები, ახალი შენობები ან მათი აშენების საფრთხე. ზოგიერთი მწვანე სივრცე, განსაკუთრებით სახლების უკანა მხარეს, გამოუყენებელი და თავისუფალია. ბევრი ღია სივრცე ბეტონით არის დაფარული და სრულებით გამოუსადეგარია. კლიმატის ცვლილების დროს, ბეტონისგან თავისუფალი მიწა და მცენარეები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს სამეზობლოს მდგრად განვითარებას და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს.
(მდებარეობის სანახავად დააჭირეთ ლინკს)

პროექტის მიზანი

ცოცხალი ლაბორატორიის ძირითადი მიზანია განხილულ იქნეს მაცხოვრებელთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზები სამეზობლოში ღია სივრცეების ხელახალი ორგანიზების მეშვეობით. ლაბორატორია მაცხოვრებლების, პროფესიონალებისა და ადმინისტრაციის დამაკავშირებელი პლატფორმა უნდა გახდეს, სადაც ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციასა და იდეათა გაცვლას შეძლებენ. იმისათვის, რომ დავინახოთ და გავიაზროთ მთლიანი სურათი, მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარების სხვადასხვა ინტერესების განხილვა ყველა შესაბამის მხარესთან: მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტთან, რაიონის გამგეობასა და მგეგმარებლებთან. პარტნიორების გაერთიანების, პრობლემების განსაზღვრისა და მათი გადაჭრის გზების ფორმულირების შედეგად, მეტად გამოიკვეთება მწვანე სივრცეების მნიშვნელობა და ამგვარ სივრცეებს მიექცევა სათანადო ყურადღება.

კვლევის მეთოდები

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს საცხოვრებელი მიკრორაიონების ღია სივრცეების ტიპოლოგიისა და ტრანსფორმაციის შესწავლას. ჩვენ ვაანალიზებთ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის ღია სივრცეების სხვადასხვა ტიპსა და ქვეტიპს, ვიკვლევთ მათ ამჟამინდელ მდგომარეობას, წარსულში განხორციელებულ ცვლილებებს და მომავალი განვითარების პოტენციალს. კვლევის ფარგლებში განვიხილავთ როგორც არსებულ, ისე შესაძლო სცენარებს ამ სივრცეების გამოყენებისათვის. ცოცხალ ლაბორატორიაში მცხოვრებლებთან დიალოგი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს დღეს საზოგადოება ამ სივრცეებს და როგორია მათი საჭიროებები, შეხედულებები და მოლოდინები მოცემული სივრცეების განვითარებისთვის.

დიალოგი მოქალაქეთა შემეცნებისთვის

ცოცხალი ლაბორატორია მიზნად ისახავს ერთმანეთთან დააკავშიროს მეცნიერები და მაცხოვრებლები; გაიმართოს მათ შორის დიალოგი ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, სადაც შემუშავებული იქნება შესაბამისი იდეები. აკადემიური პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია) და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემია (უკრაინა) - თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიტანენ საკუთარ პროფესიონალურ წვლილს, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოდერატორები და უზრუნველყოფენ პლატფორმას დიალოგისთვის სამეზობლოს, სამოქალაქო ინიციატივებს, მგეგმარებლებს, რაიონის გამგეობასა და მუნიციპალიტეტს შორის. გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიცაა სამეზობლოში გასეირნება, მრგვალი მაგიდები, ვორკშოფები და სხვა ტიპის შეხვედრები მათთვის, ვინც დაინტერესებულია ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის განვითარებით და აქვთ საკუთარი იდეები ამ საკითხთან დაკავშირებით. 

აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები

ცოცხალი ლაბორატორიის პირველ ფაზაში გვინდა უკეთ გავიგოთ მწვანე სივრცეების პოტენციალი და პრობლემები. საჯარო საფეხმავლო ტურების დროს აღმოვაჩენთ ღია სივრცეების ხილულ და ფარულ მახასიათებლებს. მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრები, რათა გამოიკვეთოს განსხვავებული პერსპექტივები საჭიროებების, მოთხოვნებისა და მოლოდინების შესახებ.
როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ღია სივრცეები? რომელი სივრცეებია ხელმისაწვდომი ტრანსფორმაციისთვის? მეორე ფაზაში შემუშავდება სამომავლო განვითარების შესაძლო სცენარები. რა სარგებელს მოიტანდა მანქანების გაყვანა და გამწვანების ზონების დამატება? როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი, თუ ბეტონით დაფარული ზედაპირები მწვანე სივრცედ გადაიქცევა? ვორკშოფზე, რომელშიც მაცხოვრებლებსაც შეეძლებათ ჩართვა, განვიხილავთ ალტერნატიულ კონცეფციებს სამეზობლო გარემოს გასაუმჯობესებლად. ყველა იდეა თავმოყრილი იქნება თანმიმდევრულ გეგმაში, რომელიც გადაეცემა რაიონის გამგეობასა და მუნიციპალიტეტს, როგორც საბაზისო დოკუმენტი შემდგომი დაგეგმვისთვის და აქტივობებისათვის.

ცოცხალი ლაბორატორია

ლაბორატორია გახსნის დროებით ოფისს სამეზობლოში. შეგიძლიათ გვიპოვოთ აქ. კვლევითი ჯგუფის წევრები მზად არიან პასუხი გასცენ თქვენს შეკითხვებს და მიიღონ კომენტარები. ლაბორატორიის სამუშაო საათებში ყველას შეუძლია მოგვაწოდოს იდეები და გამოგვეხმაუროს. სიხარულით მივიღებთ თქვენს იდეებსა და კომენტარებს ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მწვანე სივრცეების შესახებ! ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია პროექტის თაობაზე, მაგ.: სამეზობლო განვითარების სხვა საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, თბილისის მუნიციპალიტეტის დაგეგმვის პოლიტიკა, როგორიცაა სუპერბლოკების პროექტის განხორციელება, იდეა, რომელიც შეიქმნა ბარსელონაში/ესპანეთში და 15 წუთის ქალაქი.
თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის ერთობლივი პროექტი. პროექტი დაფინანსებულია გერმანული ორგანიზაციის, Volkswagen Foundation-ის მიერ.
ცოცხალი ლაბორატორია ნაწილია სამმხრივი კვლევითი პროექტისა „მოდერნისტული საცხოვრებლის მომავალი“, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში განხილული მთავარი საკითხი გახლავთ ის, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დიდ საცხოვრებელ კომპლექსებში არსებული სივრცეების სამომავლოდ შენარჩუნება და მდგრადი განვითარება. პროექტის მიზანია განისაზღვროს საცხოვრებელი კომპლექსების სივრცითი თვისებები და ნაკლოვანებები - როგორც საცხოვრებელი ფართის, ისე გარემოს თვალსაზრისით - და ამის საფუძველზე შემუშავდეს შესაბამისი სამოქმედო რეკომენდაციები. კვლევის პარტნიორები არიან კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2022 წლამდე პროექტის პარტნიორი იყო ირკუტსკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი.