საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოპი
2024 წლის 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია უმასპინძლებს საერთაშორისო სტუდენტურ ვორქშოპს. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები იმუშავებენ ვაჟა-ფშაველას #2 კორპუსის მიმდებარედ ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე. სტუდენტები შეიმუშავებენ საჯარო სივრცის მოწყობის ერთიან კონცეფციას და შექმნიან მცირე საპარკო ელემენტებს (ავეჯი, ღობე, ქოთანი და ა.შ.), რომლებიც ერთი კვირის მანძილზე განთავსდება აღნიშნულ სივრცეში. ვორქშოპის დასრულების შემდეგ სივრცე დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.
მსგავსი აქტივობა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს მიტოვებული და გამოუყენებელი ადგილების სარეკრეაციო პოტენციალი და ხელი შეუწყოს მოცემული არეალის პერმანენტულ გარდაქმნას საჯარო სივრცედ.
იდეის შემუშავებისა და აღსრულების ეტაპზე დაგეგმილია მოსახლეობის ჩართულობაც. 30 სექტემბერს 18:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას #2 კორპუსის მიმდებარედ სტუდენტები კორპუსის მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენენ შემუშავებულ იდეებს და მოისმენენ მათ მოსაზრებებსა და კომენტარებს. მოხარული ვიქნებით თუ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იდეების განხილვისა და პროექტის განხორციელების პროცესში.