სტუდენტების როლი „მწვანე სამეზობლოს“ პროექტში
„მწვანე სამეზობლო - თბილისის ცოცხალი ლაბორატორია“ 2024 წლიდან არსებობს ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში. ამ ხნის მანძილზე ჩვენი გუნდი მუშაობს ისეთი პლატფორმის შექმნაზე, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები, პროფესიონალები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ერთობლივად იზრუნებენ საქალაქო მწვანე და ღია სივრცეების გაუმჯობესებაზე.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროექტის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება სტუდენტების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილიას უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების როლი, რომლებმაც მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში მოცულობითი კვლევითი სამუშაო გაწიეს - აღწერეს და რუკებზე დაიტანეს ვაჟა-ფშაველას კვარტლებში არსებული მწვანე სამეზობლო ინიციატივები. ასევე, მათი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, მე-2 კორპუსთან არსებული სკვერის დალაგება და მოწესრიგება.
გაწეული მოხალისეობრივი სამუშაოსთვის მწვანე სამეზობლოს გუნდის სახელით განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ: ნათია გოგიტიძეს, ანა ხიბაიას, თამთა ელბაქიძეს, სალომე ლაბუჩიძეს, ქრისტინა გოგუაძეს, ალინა კაზარიანს, გიორგი დავითაშვილს, ანა ქირიას და ანა ანუშიძეს.