საბჭოთა პერიოდის საცხოვრებელი უბნები და მათი ურბანული ტრანსფორმაცია - კვლევითი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ტალინში

7 - 9 აპრილს, თბილისის ცოცხალი ლაბორატორია - მწვანე სამეზობლოს კვლევითი ჯგუფი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ტალინს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში ჩვენი მკვლევართა ჯგუფი შეხვდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ტალინის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არქიტექტორებს. შეხვედრები საბჭოთა პერიოდის მსხვილი საცხოვრებელი რაიონების განვითარების შესახებ მოსაზრებებისა და გამოცდილებების გაცვლას ისახავდა მიზნად.
ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ პროექტები: SOFTacademy, Living Room Street და Laagna Garden. ასევე, ტალინის მსხვილი საცხოვრებელი რაიონები Pelguranna, Mustamäe, Lasnamäe და Väike-Õismäe. ამ ვიზიტმა საშუალება მოგვცა გავცნობოდით იმ მიდგომებს, რომლებსაც ქალაქი ტალინი საცხოვრებელების რეაბილიტაციის, თანამონაწილეობითი დაგეგმვისა და სამეზობლოების მდგრადი ტრანსფორმაციისას იყენებს.

ამ შეხვედრებმა დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამონაწილეობითი პროექტების განხორციელება ტალინის მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, Mustamäe-ს რაიონში, ჩვენ გავეცანით საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც ოთხი პანელური საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე მწვანე სივრცის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ სტუდენტური პროექტი, რომელიც მსხვილი საცხოვრებელი რაიონის მედეგ და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. Lasnamäe-ს რაიონში შევხვდით ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელმაც უბანში სამეზობლო ბაღს ჩაუყარა საფუძველი და რომელიც სამეზობლო ღონისძიებებს აორგანიზებს. ამ შეხვედრებისას ვისაუბრეთ მიკრორაიონების ისეთ ყოველდღიურ გამოწვევებზე, როგორებიც არის პარკირება, გარაჟები და შენობებს შორის არსებული ღია სივრცეების მომავალი.

თბილისის ცოცხალი ლაბორატორიისთვის, ეს სასწავლო ვიზიტი ადგილობრივი ინიციატივების, მუნიციპალური მხარდაჭერისა და ექსპერიმენტული საპილოტე პროექტების ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითი აღმოჩნდა. ამ ვიზიტმა გვაჩვენა, რომ პატარა მასშტაბის ჩარევები შეიძლება სამეზობლოების უფრო მსხვილი ტრანსფორმაციის საწინდარი გახდეს.