ჩვენი კარი ღიაა!
ცოცხალი ლაბორატორია საზოგადოებისთვის გაიხსნა! გახსნითი ღონისძიება 25 მაისს, 35-ე სკოლაში მცირე პრეზენტაციით დაიწყო. პროექტის გუნდის წევრებმა მონაწილეებს პროექტის მიზნები, მეთოდები და პროგრამა გავაცანით. სამეზობლოში გასეირნების შემდეგ კი დისკუსია ჩვენს ახლად გახსნილ ოფისში განვაგრძეთ.
საპროექტო გუნდის სახელით დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველას, ვინც გახსნით ღონისძიებას შემოუერთდა. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მაცხოვრებლებს, თბილისის მერიის სამსახურებისა და ვაკის რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების თანამშრომლებს: ირაკლი წერეთელს, ნინო ნათელაშვილსა და ბექა კაკაბაძეს. ასევე, GIZ-ის პროექტის „მდგრადი ქალაქები საქართველოში“ წარმომადგენლებს ანკე დერიხსა და ელენე დარჯანიას.
მიგვაჩნია, რომ პროექტის წარმატებისთვის ლაბორატორიის აქტივობებში მოსახლეობის, მუნიციპალიტეტის, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პროფესიონალების აქტიურ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, გახსნით ღონისძიებაზე არაერთი დაინტერესებული ადამიანის ხილვამ განსაკუთრებულად გაგვახარა. დედაქალაქის მერიის, ვაკის რაიონის გამგეობის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და GIZ-ის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ პროექტის პროგრამის და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე. სუპერბლოკი, როგორც მდგრადი დაგეგმარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ჩვენი ძალისხმევის გამაერთიანებელ კონცეფციად შეიძლება იქცეს. მან შეიძლება ხელი შეუწყოს ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის ისეთ უბნად გარდაქმნას, რომელიც არსებულ და სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მაცხოვრებლებთან საუბარმა გაგვახარა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, შევძელით ერთად დაგვეთვალიერებინა სამეზობლო; გვენახა სასიამოვნო ადგილები, ასევე ის არეალები, რომლებიც ყურადღებას და, შესაძლოა, ცვლილებასაც საჭიროებს. მოუთმენლად ველით თქვენგან სხვა არაერთ მოსაზრებას და, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით, მოქალაქეთა თანამონაწილეობისა და „ქვემოდან ზემოთ მიმართული დაგეგმვის“ (bottom up planning) პრაქტიკების გაძლიერებას.
ღონისძიება ჩვენს ოფისში დასრულდა, სადაც ძლიერ წვიმას შევაფარეთ თავი და ხემსისა და სასმლის თანხლებით გავაგრძელეთ საუბარი. ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი - მრგვალი მაგიდა/დისკუსია, სამეზობლო ტური, ბავშვებისთვის ხატვის ვორქშოპი და სხვა. შემოგვიერთდით და ერთიანი ძალებით გავაუმჯობესოთ ეს მშვენიერი სამეზობლო. მოდით ერთად შევქმნათ პირველი სამაგალითო მწვანე სამეზობლო (superblock), რომელიც მისაბაძი მაგალითი იქნება როგორც თბილისისა და საქართველოს სხვა უბნებისთვის, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებისთვის!